დიალოგის შესახებ


 

,,დიალოგის’’ გვერდზე, დისკუსიები ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ძირითადად, დისკუსიის მონაწილეთა საერთო ინტერესების გათვალისწინებით იმართება. დისკუსიები შეიძლება წარიმართოს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქვეყნის საბიუჯეტო, მონეტარული და ფულად საკრედიტო პოლიტიკა;  მართვის კულტურა,  დასაქმების პრობლემები;  საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური უსაფრთხოება; სამართალი და კანონიერება და მრავალი სხვ..

 

ზოგადად,  დისკუსიის შესახებ.

ჩვენს პორტალზე ორგანიზებული სამეცნიერო დისკუსიების ძირითადი მიზანია ბიზნესმენების, საჯარო მოხელეების, ავტორიტეტული მეცნიერების – ფართო საზოგადოებრიობასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და უკუკავშირის დამყარების გზით, ხელი შეეწყოს ქვეყანაში ეკონომიკური ცნობიერების და პოლიტიკური კულტურის ამაღლებას.

მართალია, დისკუსიების შინაარსობრივი მხარე (თემატიკა) განსხვავდება ერთმანეთისგან, მრავალფეროვანია, მაგრამ, მისი სპეციფიკურობის ძირითადი ნიშან-თვისება არის ის ჭეშმარიტება, რომ სოციალურად აქტიურ ადამიანებს სურთ თანამოაზრეებთან ურთიერთობა, სჭირდებათ ღრმა, შინაარსიანი, მყარი ურთიერთკონტაქტები, ელიან ასეთ შეხვედრებს, ისწრაფვიან ერთობლივად განიხილონ, იმსჯელონ, იკამათონ ისეთ მტკივნეულ, საჭირბოროტო, აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც, მათი აზრით, აუცილებლად მოითხოვს განსჯას, განზოგადებას – შესაბამის დასკვნებს.

ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებზე დისკუსიების გამართვის მთავარი ღირებულება არის ის, რომ უზრუნველყოს ამა თუ იმ განსახილველი თემის შემოქმედებითი, გააზრებული განზოგადება, სწორად შეფასდეს მოვლენები, ორგანულად დაუკავშიროს ზოგადი კონკრეტულს და კონკრეტული ზოგადს.

 

დიალოგის მომზადება.

თემატური საუბრების ორგანიზებულად ჩატარებისთვის საჭიროა შესაბამისი გეგმის შედგენა, რომელიც უზრუნველყოფს განსახილველი თემის ძირითადი პუნქტების, პრობლემური საკითხების, მთავარი პოზიციების გამოკვეთას. ასეთი გეგმის დამუშავებისას, ყურადღებით უნდა იქნას გათვალისწინებული საკითხთა განხილვის თანმიმდევრულობა, მათი ლოგიკური კავშირები და განვითარება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიალოგის მონაწილეთა შერჩევას. ყოველი მათგანი, საკუთარი ცოდნით, გამოცდილებით, მაღალი ავტორიტეტით აუცილებლად უნდა პასუხობდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებზე დისკუსიის მონაწილისთვის წაყენებულ როგორც ინტელექტუალურ, ისე მორალურ ნორმებს.

დისკუსიის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის აუცილებელია მონაწილეთა დროული ინფორმირება და დიალოგებში მათი აქტიური მონაწილეობისთვის სათანადო ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა. ასევე არანაკლები მნიშვნელობა აქვს მონაწილეთათვის სათანადო სამუშაო ადგილის (კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტის ქსელი და ა.შ.) მოწყობას.

 

დისკუსიის წარმმართველი.

,,დიალოგის გვერდზე’’ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებზე დისკუსიის მიმდინარეობის დროს, ერთობ თვალსაჩინო ფიგურა – დისკუსიის წარმმართველი, მოდერატორია. მისი  მუშაობა უნდა იყოს მკაფიო და მიზანმიმართული. მისი ხელოვნება გამოიხატება იმაში, რომ საკითხის განხილვაში შეიტანოს შემოქმედებითი საწყისები, მეცნიერული ძიების წყურვილი. ამასთან, დისკუსია წარმართოს ისე, რომ მკვეთრად არ გამოირჩეოდეს დისკუსიის სხვა მონაწილეებისგან. დისკუსიის წარმმართველის მთავარი ამოცანაა შექმნას დაუძაბავი, უშუალობის ატმოსფერო, რომელიც განაწყობს დისკუსიის მონაწილეებს აზრთა გულახდილი ურთიერთგაზიარებისთვის. ამასთან, მან პროცესი უნდა წარმართოს იმდაგვარად, რომ ყურადღება გამახვილდეს მართლაც საკამათო, არსებით საკითხებზე, მიაღწიოს იმას, რომ დისკუსიის მონაწილენი მეცნიერულად (ანალიზისა და გადამოწმებული ფაქტების საფუძველზე) ასაბუთებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, ღრმად წვდებოდნენ განსახილველი საკითხის არსს და არ ეწეოდნენ უბრალო, უშინაარსო დეკლამაციას.

 

დისკუსიის შედეგების შეჯამება.

დისკუსიებში მოსაზრებების ურთიეთგაზიარება უნდა მიმდინარებდეს პრინციპით: წამოჭრილი პრობლემების ირგვლივ, ჯერ ბოლომდე უნდა გავეცნოთ მონაწილეთა მოსაზრებებს, ხოლო შემდგომ, ერთობლივად შევაჯამოთ შედეგები, შევიმუშაოთ რეკომენდაციები. განსახილველი თემის ირგვლივ საუბრის დასასრულს საჭიროა ხაზი გაესვას თემის ძირითად ასპექტებს, დაკონკრეტდეს ცალკეული მოსაზრებები, აღინიშნოს ის პრინციპულად საჭირო მომენტები, რომლებიც ყველაზე რელიეფურად გამოიკვეთა საკითხის განხილვის დროს. საჭიროების შემთხვევაში, ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროში საქმის გამოსწორების მიზნით, სასურველია დაისვას საკითხი ქვეყნის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე.

 

დისკუსიებში ახალგაზრდობის ჩართვა.

დისკუსიებში ახალგაზრდა თაობის ჩართვა, თუნდაც თანამონაწილეების სახით, ამ წამოწყების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

ცნობილია, რომ დიალოგი, დისკუსია ხელს უწყობს მოვლენების აღქმისადმი ინტერესების გაღვივებას, ავითარებს და ამძაფრებს აზროვნებას. ამასთან, იგი ხელს უწყობს მასში მონაწილეთა შორის აუცილებელი ,,უკუკავშირის’’ დამყარებას, უმუშავებს დარწმუნების, ამა თუ იმ შეხედულების, მოსაზრების სამართლიანობის ან მცდარობის შეფასების უნარს, უფართოებს მსოფლმხედველობას, ხსნის მოვლენათა ახალ ასპექტებს, სტიმულს აძლევს გაეცნოს საჭირო სამეცნიერო, ეკონომიკურ, იურიდიულ თუ პოლიტოლოგიურ ლიტერატურას. ყველაფერი ეს – განამტკიცებს ცოდნას, აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ახლგაზრდის, როგორც ბიზნესის მართვის სფეროს სპეციალისტად ჩამოყალიბებას.

დისკუსიების მთავარი ღირებულება არის ის, რომ განვუვითაროთ ახალგაზრდა სპეციალისტებს ჭეშმარიტების დადგენის, ოპტიმალური გზის, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ამასთან, ჭეშმარიტებაში გარკვევა არა თავზე მოხვეული დებულებებითა და ზოგადი შეგონებებით, არამედ საკითხის ლოგიკურად, შემოქმედებითად, აზრთა თავისუფალი ურთიერთგაზიარების ვითარებაში განხილვით.

დიალოგის გვერდზე გადასვლა