საკანონმდებლო წინადადებები


დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის და ქვეყნის ტრანსფორმაციის საქმეში საზოგადოების სამოქალაქო ჩართულობა, დღეს, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და დიდ როლს თამაშობს როგორც სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების განვითარების, ასევე მიზანმიმართული პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბოლოდროინდელი ტენდენციების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოებრივი გაერთიანებები – ბიზნესასოციაციები და კონკრეტული პიროვნებები – ავტორიტეტული ბიზნესმენები, თვითონ იღებენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცილებისათვის, არამედ აქტიურად არიან ჩართულები ყველა იმ ინიციატივაში, რომლებიც ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ პოლიტიკაზე ახდენს ზეგავლენას.

ამ მხრივ, ვფიქრობთ, ძალზე საყურადღებოა თვალსაჩინო ბიზნესმენის და მეცენატის, საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ “თუ ჩვენ გვინდა, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით, მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა უნდა გამოვიჩინოთ სახელმწიფოს მართვაში”.

პოლიტიკური აქტიობის და სახელმწიფოს მართვაში სამოქალაქო ჩართულობის ერთერთ გავრცელებულ ფორმად, საკანონმდებლო წინადადებების წარდგენაა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150 მუხლის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს თვითოეულ მოქალაქეს. ის შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით.

საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს. ამასთან, სასურველია, თუ საკანონმდებლო წინადადების შედგენისას გათვალისწინებული იქნება:

ა) შეესაბამება თუ არა, ან, ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;

გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს;

დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია;

ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას.

ვ)  რა გავლენას მოახდენს კანონპროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ზ) რა გავლენას მოახდენს კანონპროექტი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

თ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში.

 

პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მიესალმება თითოეული ბიზნესმენის ინიციატივას სრულყოს ქვეყნის საკანონმდელო საქმიანობა და, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, აღმოუჩინოს მეთოდური და ორგანიზაციული დახმარება საკანონმდებლო წინადადების მომზადების საქმეში.