გიორგი თოფაძე

ძვირფასო მკითხველებო!

დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ესაჭიროებათ ღრმა, მეცნიერულად გაანალიზებული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რაც, სრულიად ახალ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს.

საიამოვნოა, რომ ქართელმა მეცნიერებმა დროულად უპასუხეს ამ გამოწვევას და პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით, სპეციალისტთა ფართო წრისთვის დაიგეგმა საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მეცნიერული კომენტარების მომზადება და გამოცემა, რაც, თავისთავად, დიდ შემოქმედებით ძალისხმევას მოითხოვს. ეს ერთი, მკაფიო და ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა რეაგირებდეს მეცნიერება დროის მოთხოვნებზე.

გლობალიზაციის პირობებში ქართველი მეწარმეების წინაშე ურთულესი ამოცანები დგას. დღეს წარმატების შანსი აქვს მხოლოდ მას, ვინც საფუძვლიანად აანალიზებს ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. აქ, მხოლოდ ინტუიცია და ძველი გამოცდილება საკმარისი არ არის. საჭიროა უახლესი ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა და, პრაქტიკაში, მისი  გამოყენების უნარი.

მივესალმებით ინფორმალური ეკონომიკური განათლების ვებ-გვერდის შექმნას. ამასთან, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მისი ელექტრონულ ფონდები შეივსება ისეთი სამეცნიერო ნაშრომების ავტორებით, რომლებიც არ იფარგლებიან მხოლოდ მწვავე, პრობლემური საკითხების დაყენებით, არამედ გვთავაზობენ მათი გადაწყვეტის კონკრეტულ გზებს. სწორედ ეს გახდის საინტერესოს და სასარგებლოს ამ გვერდის საქმიანობას  მათთვის, ვინც რთულ სამეურნეო, სახელმწიფო თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

გულწრფელად ვუსურვებ ვებ-გვერდის ავტორთა მთელ კოლექტივს შემოქმედებით წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი საქმიანობა რეალურად გამოდგებათ მეწარმეებს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებულ მოხელეებს, თავიანთ პრაქტიკულ, ყოველდღიურ საქმიანობაში.


გიორგი თოფაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის ,,ქართული ოცნება – მრეწველები’’ თავმჯდომარე,
პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.